სოციალური სივრცე

პროექტი “100 მოხალისე მენტორი”, მალე მთელს საქართველოს მოიცავს

პანდემიის   გავრცელებამ სრულიად ახალი რეალობა შექმნა ჩვენს ირგვლივ, სადაც  ცოცხალი ურთიერთობები მოულოდნელად დისტანციურმა, ხოლო  სწავლების პროცესი –  ონლაინ  რეჟიმმა ჩაანაცვლა. სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოს ერთბაშად  დისტანციურ პლატფორმებზე გადატანამ,  არაერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ცოდნის აღქმის და მიღების ხარისხი გართულდა  – ყველაზე მეტად ეს მოცემულობა სკოლის მოსწავლეების სწავლების შედეგებზე აისახა.

  • როგორ მივაჩვიოთ ბავშვები დისტანციურ რეჟიმში სწავლებას?
  • როგორ დავაინტერესოთ ისინი ონლაინ აქტივობებით?
  • როგორ ჩავანაცვლოთ გაჯეტებთან გატარებული დრო შემეცნებით პროცესად ?

ეს  ის კითხვებია, რომელიც

  • აწუხებს  ყველა მშობელს  
  • საფიქრალს  უჩენს ყველა მასწავლებელს
  • პასუხს  ეძებს  ყველა ბავშვთა ფსიქოლოგი

ახალი რეალობა გვაიძულებს რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ამ პროცესთან ადაპტაცია, რადგან  შესაძლოა სამყარო  კიდევ ბევრ სხვა ცვლილებას გვიმზადებს.  

რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა ადაპტაციისთვის?

პირველ რიგში ზრდასრულება უნდა  შეძლონ  კრიზისის შესაძლებლობად  ქცევა  და შემდეგ ბავშვებისთვის ამ განწყობის შექმნა. ცვლილებები ბავშვებზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, მათ არ უყვართ რეჟიმის შეცვლა. თუმცა ამ დროს მშობლების და გარშემომყოფი ადამიანების მხარდაჭერა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვი როცა ინფორმირებულია არსებულ სიტუაციაზე,  გრძნობს  პოზიტიურ დამოკიდებულებას და მშობლების ჩართულობას – უფრო მეტად უადვილდება ცვლილებებთან ადაპტაცია.

თუ მშობელი ხედავს დისტანციური სწავლების პერიოდში ბავშვს უჭირს კონცენტრაცია, ადვილად იღლება, ნაკლებად დაინტერესებულია და არ აქვს შესაბამისი განწყობა, ნუ გაკიცხავს მას, რადგან ეს უფრო გაართულებს სიტუაციას. დისტანციური ურთიერთობები და ციფრული კომუნიკაცია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც დიდი გამოწვევაა დღეს.

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს ცოცხალი ურთიერთობების და ინტერაქტიული  სწავლების დეფიციტი ?

 ყველაზე მეტად მათი ინტერესების გაღვიძებით  იქნება შესაძლებელი. ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა და ამ თვისების სწორად წარმართვა ხელს შეუწყობს მის, როგორც  კოგნიტურ, ისე  ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ცნობიმოყვარეობის გაღვიძება დაძალებით შეუძლეებლია. მხოლოდ თამაშით სწავლებას მოაქვს  ხალისი, შემეცნებისთვის  საჭირო განწყობა და ცნობისმოყვარეობა. როცა შემეცნების პროეცესს გაკვეთილის ნაცვლად თამაშს დაარქმევთ და შეთავაზებთ ბავშვს, ეს სიტყვაც კი  იმდენად ჯადოსნურია, სიხარულით დაგთანხმდებათ.

როგორ ჩავანაცვლოთ დისტანციური სწავლება თამაშით ან სხვა განმავითარებელი აქტივობებით?

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ახალი წამოწყება  და აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ერთ  ძალიან დიდ პროექტში  „100 მოხალისე მენტორი“, სადაც ბავშვების მხარდასაჭერად უამრავი შემეცნებითი აქტივობა იგეგმება. ეს არის დისტანციური სწავლების ადაპტაციის  ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც ააიპ „სოციალური სივრცე“ მოხალისე მენტორებთან ერთად  განახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 12 წლის ასაკის ბავშვებს.  აქტივობების ხანგრძლივობა ონლაინ პლატფორმების საშუალებით 45 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდება.

 მენტორების სახალისო სესიები და თითოეული აქტივობა  მიმართული იქნება მოსწავლეების წახალისების, არაფორმალური ცოდნის მიღებისა და ემოციური განვითარებისაკენ. ამასთან ერთად აქტივობებში ჩართული ბავშვები შეიძენენ მეგობრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, გაიცნობენ ემიგრაციაში მყოფ ქართველ თანატოლებს, გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს და შეიმსუბუქებენ  პანდემიით გამოწვეულ იზოლაციას.

როგორ შემიძლია  პროგრამაზე ბავშვების  რეგისტრაცია?

ქვემოთ მოცემული სარეგსიტრაციო ბმულის  მეშვეობით  შეგიძლიათ შეარჩიოთ ბავშვისთვის საინტერესო რამდენიმე  სფერო, მიუთითოთ დასწრების სასურველი დრო, პაკეტი და  დაამატოთ ინფორმაცია  თქვენი მოლოდინების შესახებ .

ჩვენი პროექტის ირგვლივ გაერთიანებული 100 მეტორი მზად არის დაეხმაროს ბავშვებს დისტანციური სწავლების მიმართ ნეგატიური განწყობის,  რუტინის  და ერთფეროვნების შეცვლაში,  გახადოს სწავლების პროცესი უფრო ხალისიანი და ხელი შეუწყოს თქვენს შვილებს პანდემიით გამოწვეული კრიზისის  დაძლევაში.

სარეგისტრაციო ბმული :  https://bit.ly/3aiWvjQ

სოციალურ ქსელში გაზიარება...