სოციალური სივრცე

9 თამაში, რომელიც ბავშვის მავნე ჩვევებს შეგაცვლევინებთ

   მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ისე აღიქვამს, თითქოს მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ მისგან სიამოვნების მიღება. თუ ამას რთული სამუშაო გრაფიკიც ემატება, ისინი საერთოდ აღარ ერთვებიან ამ მნიშვნელოვან პროცესში. რეალურად კი, თამაშისთვის დათმობილი 10-15 წუთი ხშირად საკმარისიც კი არის, პატარა განიტვირთოს, გაერთოს და ემოციების რეგულაცია მოახდინოს.

კვლევამ აჩვენა , რომ ბავშვები , რომლებიც უფროსებთან ერთად თამაშობენ უფრო კონტაქტურები და ბედნიერები არიან.

 გარდა ამისა, თამაში განსაკუთრებით საჭიროა ბავშვებისთვის   კომპლექსური ემოციების  გადასამუშავებლად  რომ შეძლონ  შიშის, სიხარულის, აგრესიის თუ სიყვარულის გამოხატვა. ბავშვებმა თამაშით უნდა ისწავლონ როგორ გავუმკლავდნენ  ეჭვიანობას, დამცირებას, იმედგაცრუებას, შიშს და ყველაფერ იმას, რაც დაკავშირებულია მომავალ მოვლენებთან.

აქტიურმა თამაშმა, დღეში სულ რაღაც  ხუთიდან ათ წუთამდე,  შესაძლოა  დადებითად ძალიან დიდხანს იმოქმედოს  ბავშვის კეთილდღეობაზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ გამოიყენოთ თამაშები თქვენი შვილების მავნე  ქცევების შესაცვლელად, გაეცანით ქვემოთ მოცემულ  ჩამონათვალს:

   

1. თუ ბავშვი გაურკვეველი მიზეზების გამო ხელს გიშლით, სავარაუდოდ, მას თქვენი ყურადღების მიქცევა სურს.

ამიტომ შეეცადეთ შესთავაზოთ ასეთი თამაში: ჩაეხუტეთ და უთხარით, რომ შეუძლია გაიქცეს, მაგრამ არ მისცეთ ამის საშუალება მანამ , სანამ ბოლომდე არ გაითავისუფლებს თავს (ამას ეწოდება დათუნიას ჩახუტება). გაიმეორეთ ეს მოქმედება რამდენჯერმე , საბოლოოდ კი , როცა დაინახავთ, რომ ის განიმუხტა და დამშვიდდა, აღნიშნეთ , თუ რა სასიამოვნო იყო მასთან ჩახუტება.

ამ გზით ბავშვები იგრძნობენ , რომ ისინი უყვართ და აფასებენ. შემდეგ კი აღარ ეცდებიან თქვენი ყურადღების მიპყრობას უცნაური ქცევებით.

2.  თუ თქვენი ბავშვი უკმაყოფილოა და ბევრ რამეში გეწინააღმდეგებათ:

სთხოვეთ მას თქვას “არა” ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ეტყვით “დიახ’’-ს, ამ დროს თუ თქვენ მშვიდი ტონით ესაუბრებით, ბავშვიც იგივე ტონით უნდა აგყვეთ. თუ ხმამაღალი ტონით, მაშინ თვითონაც  ხმამაღალი ტონით გაგცეთ პასუხი. ეს სავარჯიშო დაეხმარება  ბავშვს დამოუკიდებლობის განცდის დაუფლებაში.

3. თუ თქვენი ბავშვი ზედმეტად აღფრთოვანებულია:

შესთავაზეთ  მას წრეზე ტრიალი მანამ, სანამ არ დაიღლება.  მოჩვენებით ბატუტზე ხტომა ან თქვენს ირგვლივ წრეში დევნა დაეხმარება მას ზედმეტი ენერგიისგან გათავისუფლებაში.  როდესაც თქვენი ბავშვი დაიღლება, შეწყვიტეთ ვარჯიში და ჩაეხუტეთ, რომ დამშვიდდეს.

4. თუ თქვენი შვილი გამოირჩევა სიჯიუტით:  

მოიქეცით ისე, თითქოს საშიში არსება ხართ, მაგალითად ურჩხული,  შემდეგ კი შეუქმენით წარმოდგენა , რომ მას შეუძლია თქვენი ქცევების მართვა. მიეცით რამე, მაგალითად, ტელევიზორის პულტი და გააკონტროლებინეთ თქვენი მოძრაობები.  თამაშის დროს, უთხარით თქვენს შვილს რამდენად ძლიერი და საშიშია ის. საბოლოო ჯამში, ამ თამაშის მიზანია თქვენს შვილს მისცეს შანსი  უვნებელი გზით დაამტკიცოს საკუთარი დამოუკიდებლობა.

5. თუ ბავშვი შფოთავს,  როცა სადმე მიდიხართ:

 გამოიყენეთ ისევ ‘’დათუნიას  ჩახუტება’’, ჩახუტებულები იყავით მანამ, სანამ თვითონ არ  მოგშორდებათ. ამ ჟესტით აფიქრებინებთ, რომ ის აკონტროლებს თქვენს შორის ურთიერთობას. თუ ცოტა სულელურადაც და ბავშვურად მოიქცევით და ისე დაემშვიდობებით,   ამით ის დაიკმაყოფილებს სიყვარულის მოთხოვნილებას. როდესაც სახლიდან გასვლას დააპირებთ,  უთხარით მას რამდენი ხნით მიდიხართ და შეახსენეთ,  რომ ყოველთვის დროულად ბრუნდებით ხოლმე უკან. ასეთი ჩახუტებითა და საუბრით მას უსაფრთხოების გრძნობის განვითარებაში დაეხმარებით.

6. თუ თქვენი შვილები ერთმანეთთან ბევრს ჩხუბობენ:  

შესთავაზეთ მათ ასეთი თამაში: როდესაც მშვიდად იქნებიან, სთხოვეთ, მოიქცნენ ისე ,  თითქოს კამათობენ. გამოიყენეთ იუმორი და იმოქმედეთ, როგორც სპორტულმა კომენდატორმა იმიტირებულ ბრძოლაში. ამ გზით დაანახებთ, თუ როგორი სასაცილოები არიან  როდესაც ჩხუბობენ და მოხსნით მათ შორის დაძაბულობას.

7. თუ თქვენი შვილი ძალიან მგრძნობიარეა და ხშირად ტირის:

უთხარით მას  თავის გრძნობები გამოხატოს დიდი ბავშვის ხმით, ასე უსუსურობის განცდას გაუქრობთ, ხოლო აგრესიასთან გამკლავებას უფრო რაციონალური გზებით შეძლებს. როდესაც პატარა ტირის, მიეცით საშუალება , რომ გათავისუფლდეს თავისი განცდებისგან, სხვა შემთხვევაში ემოციების ჩახშობას მიეჩვევა.

 8. თუ თქვენს შვილს ღამით დაძინება უჭირს:

 სცადეთ გაუკეთოთ მას  ნაზი მასაჟი. ამ პროცესში სხეულის სხვადასხვა ნაწილებს ტკბილი ძილი უსურვეთ. ეს ხელს შეუწყობს თქვენს შვილს სხეულის თითოეული ნაწილის თანდათანობით მოდუნებაში.

9. თუ ბავშვი სხვის ნივთებს იპარავს ან დაუკითხავად იღებს:

 თქვენ შეგიძლიათ დათრგუნვისა და დადანაშაულების გარეშე, მას თამაშით აჩვენოთ  რომ მოპარვა ცუდი საქციელია (გახსოვდეთ, რომ ბევრი მაგ ასაკში ვერ ხვდება მოპარვა რატომ უნდა იყოს ცუდი).

 შესთავაზეთ ასეთი თამაში: მიეცით, რომელიმე ფრინველის როლი, მაგალითად, არწივის ან ქორის, და სთხოვეთ რაიმე ნივთის წაღება. ამ დროს თქვენ  განასახიერეთ რომელიმე ბრაზიანი ფრინველი, რომელიც მშობელია, და დაუწყეთ ძებნა მოპარულ ნივთს.  აჩვენეთ მას, რომ ვერ აჭმევთ თქვენს შვილებს იმიტომ, რომ საკვებს ვერ პოულობთ და დაანახეთ, როგორ განიცდით ამ ყველაფერს.  შემდეგ კი ისაუბრეთ იმაზე,  სხვისი ნივთების აღება როგორი ზარალის მომტანია  და  ნებართვის აღება რომ უნდა ვისწავლოთ.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველა თამაში არ უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი ან შესრულებული გარკვეული ქცევის საპასუხოდ. თამაში ხშირად საუკეთესოა – როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვებისთვის – როდესაც ის სპონტანური და ბუნებრივია.

მოამზადა ანა შუბითიძემ  –  წყარო: www.psy-ed.com

სოციალურ ქსელში გაზიარება...