სოციალური სივრცე

ცაცია ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები – როდის და რა ნიშნებით უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ცაციაა?

  საუკუნეების განმავლობაში ცაციობა თითქმის ნაკლადაც კი ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში ოჯახში, სკოლასა თუ ბაღში მშობლები და მასწავლებლები ცდილობდნენ ბავშვები ცაციობას  გადაეჩვიათ, იმ მოტივით, რომ მთელი სამყარო ადაპტირებულია მარჯვენა ხელისთვის და ასეთი ბავშვები მრავალ პრობლემას წააწყდებოდნენ.

  დღეს ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები და პედაგოგები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ მსგავსი პრაქტიკა დაუშვებელია. მემარცხენეობის იძულებითი გადაჩვევა, როგორც წესი, ნეგატიურ შედეგებს იწვევს (ძილის დარღვევის, მადის დაკარგვის, თავის ტკივილის, მარჯვენა ხელში დაღლილობაზე ჩივილების სახით).

  არც თუ ისე ხშირად, ბავშვებს მსგავსი გადაჩვევის გამო ნევროზი უვითარდებათ, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც მათ ამ განსხვავებულობას უფროსები განგაშით ხვდებიან. ხშირია,  მშობლები აიძულებენ ბავშვებს მარჯვენა ხელით შეასრულონ მოქმედებები. როცა  მათ ეს არ გამოსდით, ახირებად და  სიჯიუტედ უთვლიან, სჯიან ამის გამო, ბავშვებს კი წარუმატებლობის მოლოდინი უვითარდებათ. ასეთი გამოცდილებისგან გამოწვეული დაძაბულობა  ხშირად მრავალი წლის განმავლობაში რჩება და უარყოფითად აისახება მოზარდთა ცხოვრებაზე.

როდის და რა ნიშნებით უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ცაციაა?

  • ჩვეულებრივ, ცხოვრების პირველ წელს ბავშვი ორივე ხელს თანაბრად მოხერხებულად  იყენებს.
  • უკვე წელიწადნახევრის ასაკში ის იწყებს რომელიმე ერთი ხელის უფრო ხშირად გამოყენებას, შემდეგ თანდათანობით, დაახლოებით 3-4 წლის ასაკისთვის, უკვე გამოკვეთილია, რომელი ხელის გამოყენება ურჩევნია ბავშვს. თუმცა, თუ ბავშვს რაიმე საგანს მივაწვდით კონკრეტული ერთი მხრიდან, ის მას აიღებს საგანთან უფრო ახლოს მყოფი ხელით და არა – მისთვის სასურველით.
  • 4-5 წლის ასაკში, როგორც წესი, ხელის დომინირება უფრო მკვეთრად გამოხატულია. მაშინაც კი, როცა ბავშვს რაიმე საგანს კონკრეტული მხრიდან მივაწვდით, ახლა უკვე მას არა ახლოს მდებარე, არამედ მისთვის მოსახერხებელი ხელით აიღებს.
  • 6-7 წლის ასაკში უკვე კატეგორიულად აკრძალულია ბავშვი გადავაჩვიოთ მისთვის სასურველი ხელის გამოყენებას.
რეკომენდაციები მშობლებისთვის

         როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი ცაციაა?

  • პირველ რიგში, არასდროს დაანახოთ ბავშვს მემარცხენეობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. აუხსენით, რომ ირგვლივ ბევრი ცაცია ადამიანი არსებობს და ეს ნორმალურია.
  • მცირეწლოვნებს მიეცით არჩევანი, თვითონ გადაწყვიტონ, რომელ ხელში დაიჭერენ კოვზსა თუ ფანქარს.
  • თუ ბავშვისთვის ორივე ხელით მუშაობა თანაბრად კომფორტულია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ მარჯვენა ხელით ასწავლოთ წერა.
  • ნუ წაუყენებთ ბავშვს ზედმეტ მოთხოვნებს და ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებთან. გახსოვდეთ, სირთულეები, რომლებიც ბავშვს აქვს, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს დაკავშირებული მის მემარცხენეობასთან, ზუსტად იგივე პრობლემები შეიძლება მემარჯვენე ბავშვებსაც აღმოაჩნდეთ.
  • თუ თქვენს შვილთან დღის შუქზე არ მუშაობთ, ამ შემთხვევაში სამუშაო ადგილს შუქი მარცხენა მხრიდან უნდა ეცემოდეს (ნათურა მოათავსეთ მარჯვნივ). წიგნის კითხვისას მნიშვნელოვანია, იცოდეთ ცაცია ბავშვების ერთი თავისებურება- ისინი ცუდად აღიქვამენ იმას, რაც მათ მარცხნივ მდებარეობს. ამიტომ, როცა ნახატებიან წიგნს ათვალიერებინებთ, განათავსეთ ის ბავშვისგან მარჯვნივ.
  • ცაცია ბავშვისთვის სასარგებლო იქნება აქტივობები, რომლებიც ორივე ხელის შეთანხმებული მოქმედების განვითარებას უზრუნველყოფს. ასეთია: ცურვა, კალათბურთი, ჩოგბურთი, მოზაიკასთან თამაში, ღილების დამაგრება, ქსოვა, ძერწვა, კონსტრუქციების აწყობა.
  • სივრცული ორიენტაციის განვითარებისთვის ხშირად გამოიყენეთ ცნებები: ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ, კუთხეში.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის წარმატება დამოკიდებულია თქვენს სიყვარულზე, გაგებაზე, მოთმინებასა და დროულად დახმარების უნარზე. როგორი სირთულეებსაც არ უნდა წააწყდეს ის საბავშვო ბაღსა თუ  სკოლაში, ყველაფერს ადვილად გადალახავს, თუ მუდმივად მშობლების მხარდაჭერას იგრძნობს და დადებით დამოკიდებულებას მისი ამ „განსხვავებულობის“ გამო.

სტატია მოამზადა სალომე სამუშიამ

წყარო: http://mdou344.school48nnov.edusite.ru/p3aa1.html

სოციალურ ქსელში გაზიარება...