სოციალური სივრცე

ავტორიტარული აღზრდა – რატომ არის საშიში გარემოსთვის ასე აღზრდილი ადამიანი?

                                        

ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ გარემოს აქვს, რომელშიც ის იზრდება.  ამიტომ მნიშვნელოვანია უფროსებმა შექმნან ისეთი ატმოსფერო, სადაც ბავშვები ისწავლიან  საკუთარ თავზე ზრუნვას, დამოუკიდებლობას,   მავნე ზეგავლენებისგან თავდაცვას, რომ შეძლონ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბება. 

ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ოჯახში არსებულ აღზრდის სტილებს და მიდგომებს, რის გამოც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომელ აღზრდის სტილს ვირჩევთ. ფსიქოლოგიაში გამოყოფენ აღზრდის ოთხ სტილს, ესენია:

  • ავტორიტარული
  • ავტორიტეტული
  • თავისუფალი
  • გულგრილი

დღეს   დეტალურად განვიხილავთ ავტორიტარულ  აღზრდის სტილს და მის მახასიათებლებს, იმ სტილს, რომელიც  ყველზე მეტად იყო გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. .

ავტორიტარული აღზრდა გულისხმობს ძალიან მკაცრ მიდგომებს. მშობლები ელიან, რომ ბავშვები დაიცავენ წესებს, ყოველგვარი ახსნისა და კომპრომისების გარეშე. უფროსები ამ მიდგომას მრავალი მიზეზის გამო იყენებენ. ბევრი ამ სტილს ირჩევს თავისი ეროვნების, კულტურის ან ეთნიკური ფონის გამო. ასევე, ეს შეიძლება იყო მათი მშობლების  აღზრდის მეთოდი  და სხვა საშუალება უბრალოდ  არ იციან.  ან შესაძლოა  მიაჩნდეთ,  რკინის მუშტით მმართველობა ბავშვების დამორჩილების  საუკეთესო გზაა.

რა არის დამახასიათებელი ავტორიტარული აღზრდისთვის?

  • მკაცრი წესების ქონა, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ბავშვები ისჯებიან, თუ წესები არ არის დაცული.  სასჯელი, როგორც წესი, მკაცრია. ეს შეიძლება გახდეს შეურაცხმყოფელი ფიზიკურად და ემოციურად.
  • ბრძანებები, რომლებიც უნდა დაიცვან, ხშირად ახსნის გარეშე. “იმიტომ, რომ მე ვთქვი ასე!”
  • მშობლები, რომლებიც თვლიან, რომ მორჩილება სიყვარულს უტოლდება.
  • ღია კომუნიკაცია არ არსებობს  აღზრდის ამ სტილში.

ზოგადად სასურველია, რომ ოჯახში არსებობდეს გარკვეული წესები და რუტინა, რაც ბავშვისთვისაც გაამარტივებდა ბევრ რამეს, ვინაიდან მათ ქაოსი აბნევთ და აშინებთ, თუმცა ეს მეთოდი ეფექტური არ არის. წესები უნდა იყოს დაბალანსებული პატივისცემითა და სიყვარულით.

ავტორიტარული აღზრდის შედეგები:

  • ბავშვები ეჩვევიან ნებისმიერ მორჩილებას და ვერ ხდებიან დამოუკიდებლები.
  • მათ ჰგონიათ, რომ ყველგან არსებობს წესები და კანონები , რომელთა დარღვევა გამოიწვევს ცუდ შედეგებს, ამიტომ ახასიათებთ მერყეობა და ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს.
  • მათ სჩვევიათ  სხვისი აზრის გათვალისწინება მოზრდილობის დროსაც, თუნდაც ეს იყოს სრულიად არაკომპეტენტური ადამიანის აზრი, რომელსაც არც აქვს ჩარევის უფლება.
  • უქვეითდებათ თვითშეფასება, ვინაიდან არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.
  • უჭირთ ურთიერთობების დამყარება.
  • ახასიათებთ აგრესიულობა, ვინაიდან მათ ყოველთვის უწევდათ თავიანთი გრძნობებისა და სურვილების ჩახშობა.
  • მაღალი რისკია ზრდასრულ ასაკში ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებისა.
  • ისინი გარემოსგან რაღაც საშიშ ელიან, ვინაიდან მიჩვეულები არიან, რომ სამყარო არის მკაცრი, აქვს თავისი წესები, რომელთაც ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს.

რატომ არის საშიში გარემოსთვის ასე აღზრდილი ადამიანი?

როდესაც ადამიანი მიჩვეულია, რომ დაემორჩილოს თავისზე ძლიერს, მაშინ ის ემორჩილება არა მხოლოდ მშობელს, არამედ მასწავლებელსაც, თუნდაც ის არ გამოირჩეოდეს კეთილსინდისიერებით.

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები საკუთარ თავებს ან სხვებს ზიანს აყენებენ, ეს შეიძლება იყოს “საშიში თამაშები”, რომელთა უკანაც კრიმინალები იმალებიან და ამის ბევრი შემთხვევაა ცნობილი, სხვაზე დამოკიდებული და ზედმეტად დამჯერი ბავშვი მეტად მოწყვლადია ასეთ სიტუაციაში და უნდა ვეცადოთ, მათ თავიდან ავარიდოთ ნებისმიერი პოტენციური მოძალადე.

მომავალში კი ეს ავტორიტარი შეიძლება გახდეს მენეჯერი,  რომელსაც სამსახურში ტირანული მმართველობა მოსწონს და მისთვის ასე აღზრდილი ადამიანი უბრალოდ მარიონეტია. პატრნიორულ ურთიერთობებში კი ხშირია უსიტყვო მორჩილება, რომელიც დამყარებულია ერთის დომინირების და ძალაუფლების სურვილზე.

ყველაზე საშიში კი ის ქვეყანაა, სადაც ასეთი ბევრი ადამიანია, რადგან ამ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ ძალაუფლების მფლობელ პიროვნებას შეუძლია ხალხის უსიტყვო და ბრმა მორჩილება, რასაც ხშირად ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ.

თუ კი გჯერათ, რომ :

  • ბავშვი უსიტყვოდ უნდა გემორჩილებოდეთ;
  • მათი გრძნობები არაა დიდად გასათვალისწინებელი;
  • მათ ყოველთვის უნდა ხედავდეთ, აკონტროლებდეთ, თუმცა ბავშვების საჭიროებებით  არ უნდა დაინტერესდეთ,

მაშინ დიდი ალბათობით ასეთი სტილის მშობელი ხართ. ამ შემთხვევაში კი აჯობებდა, თუ დაფიქრდებოდით, რა შედეგების მოტანა შეუძლია თქვენს აღზრდას.

თუ თქვენ მიხვდებით, რომ გსურთ შვილებს შეუქმნათ სანდო და საიმედო გარემო, ჩამოაყალიბოთ ემოციურად გაწონასწორებულ ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში დამოუკიდებლად ცხოვრება, მაშინ კარგი იქნება, წესებს ახსნა-განმარტებებსაც თუ დაურთავთ: გამოიჩინეთ მეტი ინტერესი ბავშვების სურვილებისადმი, გაიგეთ რას გრძნობენ ისინი, რა სჭირდებათ. თუ მათ მეტ თავისუფლებას მისცემთ და აჩვენებთ, რომ მათი გჯერათ, ისინი უფრო თავდაჯერებულ პიროვნებებად  ჩამოყალიბდებიან.

სტატია მოამზადა ანა შუბითიძემ

სოციალურ ქსელში გაზიარება...