სოციალური სივრცე

რატომ ტყუიან ბავშვები და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? რეკომენდაციები მშობლებს

სიცრუე ადამიანს თან ახლავს მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩვენ ყველას ოდესღაც მაინც მოგვიტყუებია სხვა ან საკუთარი თავი, როდის იწყებენ ბავშვები ტყუილს?

  აღმოჩნდა, რომ ბავშვი 6 თვის ასაკში უკვე იწყებს მარტივი მოტყუების უნარის გამოყენებას. ამაში იგულისხმება ბავშვის მიერ ტირილი ან სიცილი, რომლითაც  ის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. რა თქმა უნდა, აქ ვსაუბრობთ უბრალოდ უნარის გამოყენებაზე და არა თავისთავად მოტყუებაზე, რადგან ძალიან პატარა ბავშვს ნამდვილად არ აქვს ფანტაზიის უნარი იმ დონემდე განვითარებული, რომ არარსებული დეტალების მოგონება შეძლოს. ასაკის მატებასთან ერთად, სიცრუეს უფრო კომპლექსური სახე ეძლევა.

           ბავშვობის ასაკში ტყუილის მიზეზები:

  • მოტყუებისთვის ბავშვს რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად,   უფროსებისგან ყურადღების ნაკლებობა. ბავშვები 3,5 წლიდან სრულიად გააზრებულად იგონებენ სხვადასხვა ისტორიებს, რათა მშობლებმა ის შეამჩნიონ.

სხვათა შორის, იგივე მიზეზი, ოღონდ უკვე  სოციალურად უფრო მნიშვნელოვანი, გვხვდება მოზარდებთანაც. თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, თანატოლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თინეიჯერები ხშირად იგონებენ საკუთარ თავზე ამბებს.

  • ამ ასაკში ასევე გავრცელებული მიზეზია დასჯის შიში. მცირე წარუმატებლობის გამო დასჯითა და საყვედურით მშობლები იმის საფუძველს ქმნიან, რომ მომავალში ბავშვი მსგავს მოვლენებს დამალავს ან სიცრუით ჩაანაცვლებს.
  • კომპლექსები– როცა ბავშვს არ გააჩნია საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობა, აკომპლექსებს გარკვეული ფაქტორები, ის ცდილობს, ტყუილის ხარჯზე, უფრო წარმატებული გამოჩნდეს და ამითი იცვლის თვითშეფასებას.
  • ემოციების ჩახშობა- სოციუმში ნეგატიური ემოციების გამოხატვა არ არის წახალისებული. მშობლებსაც სურვილი აქვთ, რომ მათი შვილი ზრდილობიანი იყოს, ამიტომ უკრძალავენ, არასასურველი ემოციების გამოხატვას, რაც ტყულის წინაპირობა ხდება.
  • პროტესტი– 10-12 წლის ბავშვების მშობლები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგს, რადგან ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გაცნობიერებას, რომ მშობლებისგან დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, ისინი ეწინააღმდეგებიან მათ წესებს და ამის განსახორციელებლად ხშირად ტყუილს მიმართავენ.
  • უფროსების მაგალითი- როცა მშობლები ან სხვა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებები ერთს ამბობენ და მეორედ აკეთებენ, ბავშვები ჩათვლიან, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი იტყუება?

  • პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ბავშვი ნამდვილად იტყუება და არ აურიოთ ის ფანტაზიაში. რადგან პატარა ბავშვებს კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზიის უნარი, ხშირად ისინი თავად ხდებიან ზღაპრის გმირები და ბევრი რამის რეალურად სჯერათ. ეს ყველაფერი აუცილებელია ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის, ამიტომ ნუ დაადანაშაულებთ მას, როცა რაღაც გამოგონილს იტყვის, სწორი მიმართულება მიეცით პატარების ფანტაზიას.
  • თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვმა მოგატყუათ, ნუ დაიწყებთ ჩხუბს, არ მოაწყოთ დაკითხვა. ამის ნაცვლად, მშვიდი ტონით ესაუბრეთ მას.
  • ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას თქვენთან მოტყუება არ სჭირდება. დაფიქრდით იმაზე, თუ რა უშლის ბავშვს ხელს თქვენთან გულწრფელი იყოს.
  • უფრო ხშირად აჩვენეთ ბავშვებს, რომ უპირობოდ გიყვართ ისინი. უთხარით, რომ ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომებს და ამაში კატასტროფული არაფერია.
  • თუ გსურთ, ბავშვი თქვენთან გახსნილი იყოს, მზად იყავით მისგან არა მხოლოდ თქვენთვის სასურველი ამბები, არამედ მწარე სიმართლეც მოისმინოთ.
  • ყოველთვის შეასრულეთ დაპირება და თუ ამას ვერ ახერხებთ, აუხსენით ბავშვს მიზეზი, რათა არ ჩათვალოს, რომ მოატყუეთ და ცუდი მაგალითი არ აიღოს.
  • წაახალისეთ თქვენი შვილი, როდესაც ის სიმართლეს ამბობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის თქმა ძნელი იყო. თუ ბავშვი თავად აღიარებს ტყუილს, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ დასჯას.
  • ნუ დაუსვამთ თქვენს შვილს პროვოკაციულ კითხვებს. მაგალითად, თუ გაიგეთ, რომ მან საკონტროლო ცუდად დაწერა, ნუ ჰკითხავთ  „როგორ ჩაიარა ტესტმა?“, რადგან შესაძლოა, ამან თავდაცვის რეაქცია გამოიწვიოს და ტყუილისკენ უბიძგოს ბავშვს. ამის ნაცვლად, უმჯობესია, პირდაპირ უთხრათ: „ვიცი, რომ ტესტს თავი ვერ გაართვი. ვფიქრობ, როგორ დაგეხმარო.“
  • თუ თქვენი შვილი არაფრით არ აღიარებს ტყუილს, უმჯობესია, არ დააძალოთ ამისი გაკეთება. მოუყევით მას ზღაპარი, ან ერთად შეთხზეთ ისტორია, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ რისი გამოწვევა შეუძლია სიცრუეს.
  • ნუ დაუწესებთ თქვენს შვილს ზედმეტად ბევრ წესს. გახსოვდეთ: რაც მეტი წესია, მით მეტი შანსია, ბავშვს მიდრეკილება გაუჩნდეს მათი დარღვევისკენ და ეს ტყუილის მეშვეობით გააკეთოს.

სტატია მოამზადა სალომე სამუშიამ

        წყარო:

http://www.firststep.by/parents/help/fe73fe95eca2a057.html

https://rad-gizni.ru/detskaya-psihologiya/rebyonok-vryot-chto-delat-sovety-detskogo-psixologa.html

სოციალურ ქსელში გაზიარება...