სოციალური სივრცე

რა არის ის, რაც კარგ მშობლებად გვაქცევს ?

რას ნიშნავს ვიყო კარგი  მშობელი? რა არის ის,  რაც კარგ  მშობლებად გვაქცევს ? ბავშვის აღზრდის პროცესში  ყველა ინდივიდუალურ მიდგომას იყენებს, თუმცა ყველას მიზანი აღზრდის სწორი მეთოდების გამოყენება და  კარგი მშობლობაა.  უფროსების მიდგომები ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის  დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას. არსებობს ძირითადი საკითხები, რომლებიც გადამწყვეტად მოქმედებენ  მათ  მომავალზე. გაგაცნობთ 5 თვისებას, რომელსაც კარგი მშობლები ავლენენ:

  1. კარგ მშობელს შეუძლია მხარდაჭერ
მამა მხარს უჭერს შვილს ფაზლების აწყობაში

მშობლებს სურთ, მათი შვილები წარმატებულები იყვნენ, კარგად ისწავლონ და სხვადასხვა საქმით დაკავდნენ, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწოდებს მშობელი შვილს ამ ყველაფერს. აჯობებს თუ მოსყიდვის, მუქარის და დაძალების ნაცვლად, ბავშვმა  მშობლისგან მიიღოს დახმარება და მხარდაჭერა. როდესაც შვილმა იცის, რომ მისი წარმატება, თუნდაც მასწავლებლისგან კარგი შეფასების მიღება მშობელს ძალიან გაახარებს, ის ეცდება კარგად ისწავლოს. თუ ბავშვი სწავლობს მხოლოდ იმიტომ, რომ აირიდოს მშობლის გაბრაზება, ის გააკეთებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც თავიდან აარიდებინებს უსიამოვნებებს და არასოდეს ეცდება გააკეთოს უფრო მეტი.


2. კარგი მშობელი ბავშვს ასწავლის დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას

ბავშვი მშობლებთან ერთად საქმეშია ჩართული


კარგ მშობელს ესმის, რომ დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა  ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დავალების შესრულება, თასმის შეკვრა თუ მეგობართან ურთიერთობა, მშობელი უნდა ცდილობდეს შესაძლებლობების ფარგლებში პატარა მიაჩვიოს  სირთულეებთან გამკლავებას, რათა ბავშვი “სათბურის პირობებში” არ გაიზარდოს. ამით მშობელი თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარება მას, პატარა საქმეების შესრულება კი  პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებას მიაჩვევს.

3. მშობელს ახსოვს, რომ ის მაგალითია

ორივე მშობელი შვილებს ეხმარება

მშობლები შვილებისთვის მაგალითები არიან, ისინი ბავშვებისთვის არიან პირველი ადამიანები, ამიტომ  უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა მათი სიტყვა და საქციელი ბავშვებზეც აისახება. ასევე დედა ასწავლის ქალიშვილს, თუ როგორია ქალი, როგორი უნდა იყოს ან პირიქით, როგორი არ უნდა იყოს. მამა ასწავლის ვაჟს იგივეს, ხოლო საპირისპირო სქესის მშობელთან ურთიერთობა მომავალში პირად ცხოვრებაში გადამწყვეტია.  არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი პირველი სიყვარული, პირველ რიგში, ჩვენი საპირისპირო სქესის მშობელია, ხოლო მომავალში ჩვენს რეალურ პირველ სასიყვარულო ურთიერთობაში ხშირად ვიმეორებთ იგივე სცენარს.

4. მშობელს ახსოვს, რომ შვილს თავისი სიყვარული მუდმივად უნდა დაანახოს

ორივე მშობელი თანაბრად გამოხატავს სიყვარულს

ამ სიტყვებში თითქოს ახალი არაფერია. ვიცით, რომ  ყველა მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ კარგი მშობელი ეცდება თავისი გრძნობები ხშირად აჩვენოს პატარას: ეს შეიძლება იყოს ჩახუტება, გაღიმება, შექება, ლამაზი სიტყვებით მოფერება. ბავშვები სამყაროს სიყვარულსა და ნდობას მშობლებისგან სწავლობენ. თუ თქვენ მათ ანახებთ, რომ ისინი ღირებულები არიან,  ისინი  საკუთარი თავის პატივისცემასა და  სიყვარულს ისწავლიან. სხვების მიმართ ჯანსაღი სიყვარულის გამოვლენას  კი  მზრუნველობით და ყურადღების გამოხატვით შეეცდებიან.

5. მშობელს შეუძლია პატივი სცეს შვილს

მშობელი იზიარებს ბავშვის აზრს

კარგი მშობელი პატივს სცემს შვილს, იცავს საზღვრებს ურთიერთობაში და ბავშვს ისე ექცევა, როგორც სრულფასოვან პიროვნებას. ის არ შეარცხვენს შვილს საზოგადოებაში,  პირიქით, ასწავლის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას, განსაკუთრებით, კი ძვირფასი ადამიანებისგან.  შვილის პირადი საზღვრების დაცვა მშობელს ეხმარება შვილის ნდობის მოპოვებაში, ხოლო  როცა არღვევს ამ საზღვარს,  შვილის უამრავი კომპლექსის მიზეზი ხდება.  

წარმატებულ მშობლობას გისურვებთ!

სტატია მოამზადა –  ანა შუბითიძემ (ფსიქოლოგიის ბაკალავრი)

სოციალურ ქსელში გაზიარება...