სოციალური სივრცე

რა აწუხებთ მოზარდებს?

მოზარდი ბიჭი

მოზარდობის პერიოდი, ცხოვრების ის ეტაპია, როცა არც ბავშვი ხარ და არც ზრდასრული. თვითგამორკვევის პროცესში არაერთი გამოწვევა იჩენს თავს. ამას ემატება უფროსების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება, რაც ხშირად მოზარდებისთვის გულსატკენია. რა აწუხებთ მოზარდებს? რა პრობლემის წინაშე არიან ისინი? რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობისას? ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა უშუალოდ მათგან, ყველაზე საინტერესო იქნებოდა.

ქვემოთ მოცემულია ჩანაწერები, სადაც ისინი გულღიად საუბრობენ უფროსებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საზოგადოების ნაკლოვან მხარეებზე. გთავაზობთ უცვლელად.


ირაკლი, 16 წლის
“ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, რომ გაიგო სიმართლე და უბრალოდ, დაფიქრდე ვინ იყავი, ანდაც საიდან მოდიხარ! ყველაზე მტკივნეული და ძალიან რთულია ეს პროცესი, მითუმეტეს მაშინ, როცა შენი გონება და აზრი გაგაჩნია. აკეთებ არჩევანს არჩევანზე და რჩები რჩეული! ყველაფერი ერთად მახსენდება : ბავშობის წყენა, კომპლექსები, მილიონობით შეურაცხყოფა, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი და მინდა იცოდეთ ერთი პატარა რამ, რომ ყველა მანიაკი გიჟი არ არის! ესეც ჩემი დედუქცია, რომელიც ღირს ხანდახან საჯაროდ სასაუბროდ, უბრალოდ ბიჭი ვარ, 16 წლის, რომელიც სხვებთან შედარებით ღმერთის თამაშს არ ცდილობს უფლების გარეშე! აქ ბევრად ფართო იდეები მუშაობს, რომ უბრალოდ “დაიკიდო” ყველაფერი. ჩემი ფანტაზიებით მოვახდინე ევოლუცია, რამაც სრულ დედუქციამდე მიმიყვანა,
რომ მიმხვდარიყავი ჩემით რაღაცეებს და ბოლო-ბოლო რაღაცაში ჩემი აზრი მქონოდა იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის იმას ამბობდნენ, რომ ჩემი საქმე არაფერი იყო და არაფერში არ უნდა ჩავრეულიყავი, რამაც ჩემში გაუცხოება მოახდინა.”

დედა გაბრაზებულია შვილის საქციელით

ლილიანა, 17 წლის
“ბავშვობიდანვე რთულ სიტუაციებში ყოფნა მიწევდა, რაც ჩემზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა. მივხვდი, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად უნდა გავაგრძელო ყველაფრის მიუხედავად. მერე რა, რომ საზოგადოება გიჟად გთვლის, არაფერია, თუ ისე გიყურებენ, თითქოს ყველა უბედურება, რაც კი ხდება, შენი ბრალია და თავს არაფრის მაქნისად გაგრძნობინებენ. ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი, ორი თვალი, რომლებითაც ძალიან კარგად ხედავ ყველაფერს… ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც შეუძლია შეუძლებელის გაკეთება, თუ პატარა მოტივაციას დაინახავს, მაგრამ საზოგადოებისგან მოტივაციის მაგივრად ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა ვერაფერს იღებ. თუ ერთხელ შენც სცადე გაგეკეთებინა ის, რაც ძალიან გინდოდა, მაგრამ არ გამოგივიდა და დანებდი, იცი რა?! ეს ყველაფერი სხვისთვის, თუნდაც ჩემთვის, სამაგალითო არ უნდა აღმოჩნდეს და არ უნდა ვფიქრობდე, რომ იცი იმან სცადა და არ გამოუვიდა. და არც შენ უნდა ყვიროდე, რომ მე ვცადე, არ გამომივიდა და არც თქვენ გამოგივათ, ეს არაა მოტივაცია, ეს ყველა სურვილის, ყველა ოცნების, ყველა მისწრაფების და ყველა მიზნის საკუთარ თავში ჩაკვლაა. მერე რა რომ დაეცი , გეტკინა, მარტო იყავი, არ უნდა მეუბნებოდე, რომ არ გამომივა, ძალა არ მეყოფა, ვიბრძოლო საკუთარი ოცნებებისთვის და მიზნებისთვის. ამის ნაცვლად ჩვენ უნდა ვამბობდეთ : შენ ეს შეგიძლია! არ დანებდე! იბრძოლე! როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბოლოს მაინც გამოგივა! გთხოვთ, ვიღაცისთვის იყავით იმედი, მოტივატორი, მაგალითი, დაანახეთ სხვა
ადამიანებს სიყვარული და დაეხმარეთ მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.”

დეპრესიაში მყოფი მოზარდი

გიორგი, 16 წლის
“მალევე, რაც 15 წლის გავხდი , უფრო დავიწყე ფიქრი საკუთარ ცხოვრებაზე, წრეზე, რომელიც მყავს და იმაზე, თუ რა მინდა, ვაკეთო. ასე გავიდა ერთი წელი და შემდეგ რაღაც უცნაური შევამჩნიე , ყოველდღე მქონდა გრძნობა , თითქოს უფრო და უფრო ვიზრდებოდი , გადავხედე ისევ იმ წრეს და ადგილს, სადაც მოვექეცი . უკვე მიწევდა ფიქრი იმაზე, თუ რა პირობები იყო დღეს იმისთვის, რომ წარმატებული ვყოფილიყავი სპორტში ან ზოგადად , ცხოვრებაში. მართლაც, ისე გადიოდა ყოველი დღე და ეს ახლაც გრძელდება , რა თქმა უნდა, რომ უფრო მეტ ინფორმაციას იღებ ცხოვრებაზე და უფრო მეტს იგებ, ხვდები და აანალიზებ ზრდასრულების გამაღიზიანებელ თვისებებს, რასაც ადრე ჭკუიდან გადაყავდი: “ეს ესე გააკეთე “ ან “არ გააკეთო”… უფრო მეტად იაზრებ მათ პოზიციას და აყენებ საკუთარ თავს უფროსების ადგილას. ძალიან ბევრი ამას სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს. ვერც იმას, რომ საკუთარი თავი უნდა დამუხტო და განავითარო ყოველდღე. ზრდასრულებისგან მხოლოდ.იმას ვითხოვ, რომ არ მიკარნახონ ის ნაბიჯები, რომლებიც უფრო ადრე მაქვს გათვლილი , იმიტომ , რომ ასჯერ უფრო
გამაღიზიანებელია მოკლედ რომ ვთქვა, ვფიქრობ, დღევანდელი მოზარდები უფრო კარგ შედეგებს დადებენ ცხოვრებაში , ვიდრე წინა თაობები და უფრო საინტერესო მომავალს შექმნიან. მაგრამ იქნება მეორე რადიკალურად განსხვავებული კატეგორიაც, რომელიც ,სამწუხაროდ, საერთოდ ვერაფერს მიაღწევს და ბევრი ესეთი უკვე არის ჩვენს ასაკში.”

სტატია მოამზადა ანა შუბითიძემ, თსუ ფსიქოლოგიის ბაკალავრი

სოციალურ ქსელში გაზიარება...